გლობალური ეკოლოგიური პრობლემები

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რაც გამოწვეულია გარემოზე ადამიანების ზემოქმედებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, წარმოადგენს კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას. 

მიუხედავად საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე მიღებული გარემოსდაცვითი ზომებისა და მიღწეული ხელშესახები შედეგებისა, საერთაშორისოდ აღიარებული სტატისტიკის თანახმად, გლობალური ეკოლოგიური მდგომარეობა სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით მაინც უარესდება. აღნიშნული კი, მსოფლიოს მასშტაბით, ზიანს აყენებს როგორც უშუალოდ ბუნებრივ გარემოს, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას. გასათვალისწინებელია, რომ გლობალური ეკოლოგიური პრობლემები მეტწილად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

დღესდღეობით მწვავე გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მაგალითებია კლიმატის ცვლილება; გლობალური დათბობა; მყინვარების დნობა მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში; ზღვის დონის მატება; ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება; ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით; გაუტყეურება; გაუდაბნოება; ნიადაგის დეგრადაცია; მჟავური ნალექები; ოკეანის გამჟავიანება; სასმელი წყლის დეფიციტი; ბუნებრივი რესურსების გადამეტებული ექსპლოტაცია; ნარჩენების არასწორი მართვა; და სხვა.

ბოლო რამოდენიმე ათწლეულია, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მათ შორის გლობალურ სამიტებზე, მიიღება სხვადასხვა დოკუმენტები საერთაშორისო სამართლისა  და პოლიტიკის  სფეროში  დედამიწის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. მაგალითად: 

•    1972 წელს მიღებულ იქნა ადამიანის გარემოზე გაერო-ს კონფერენციის სტოქჰოლმის დეკლარაცია;
•    1982 წელს მიღებულ იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ბუნების მსოფლიო ქარტიაზე; 
•    1987 წელს გაერო-ს ეგიდით მომზადდა „გარემოზე და განვითარებაზე მსოფლიო კომისიის ანგარიში: ჩვენი საერთო მომავალი“ (ე.წ. ბრუნდტლანდის ანგარიში);
•    1992 წელს გაერო-ს ფარგლებში მიღებულ იქნა რიოს დეკლარაცია გარემოზე და განვითარებაზე;
•    1992 წელს გაერო-ს ფარგლებში მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა - „დღის წესრიგი 21“;
•    1993 წელს ძალაში შევიდა კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ; 
•    1994 წელს ძალაში შევიდა კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენცია; 
•    2002 წელს გაერო-ს ფარგლებში მიღებულ იქნა იოჰანესბურგის დეკლარაცია მდგრად განვითარებაზე; 
•    2005 წელს ძალაში შევიდა კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმი;
•    2012 წელს მდგრად განვითარებაზე გაერო-ს კონფერენციაზე, Rio+20 მიღებულ იქნა: „მომავალი, რომელიც გვინდა“;
•    2016 წელს ამოქმედდა პარიზის შეთანხმება (კლიმატის ცვლილებაზე);
•    2015 წელს გაერო-მ მიიღო რეზოლუცია „ჩვენი მსოფლიოს ტრანსფორმაცია: 2030 დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ და ამ დოკუმენტის ფარგლებში დამტკიცდა „მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs);
•    2022 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის უფლება“.

თუმცა, მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ზომებისა, ბოლო რამოდენიმე ათწლეულია გლობალური ეკოლოგიური მდგომარეობა სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებითა და პარამეტრებით მაინც უარესდება  და აღნიშნულის  დასტურია  ქვემოთ მოცემული ოფიციალური სტატისტიკა თითოეული თემატური კატეგორიის ფარგლებში.



კლიმატის ცვლილება
 

ჩვენს დროში კლიმატის ცვლილება დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების არანორმალურად დიდი კონცენტრირების შედეგად ხდება. კერძოდ, ადამიანის სხვადასხვა საქმიანობა იწვევს სათბურის აირების ჭარბ ემისიას ატმოსფეროში. ხოლო აღნიშნულს  კი შედეგად მოჰყვება სათბურის ეფექტის გაძლიერება, რაც თავის მხრივ იწვევს გლობალური ტემპერატურის მატებას და შესაბამისად გლობალურ დათბობას.

მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ კლიმატის ცვლილება აღნიშნავს, როგორც გლობალურ დათბობას, ასევე ამ პროცესის ანუ გლობალური დათბობის შედაგად წარმოქმენილ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მყინავრების დნობა მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში; ზღვის დონის მატება; დატბორვები; წყალდიდობები; ნალექიანობის ზრდა; ქარიშხალების გაძლიერება და გახშირება; ე.წ. „სიცხის ტალღები“; გახშირებული და განგრძობადი გვალვები; ტროპიკული ციკლონები; ტყის ხანძრები; მცენარეების ყვავილობის პერიოდების ცვლა; და სხვა. ეს ყოველივე კი იწვევს ბუნების ჩვეული ბალანსის რღვევას და სხვადასხვა სახის საფრთხეს უქმნის ადამიანებს და სიცოცხლის ყველა ფორმებს დედამიწაზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური დათბობა არის უფრო დიდი ბრობლემის ანუ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამოვლინება.  

დღესდღეობით დედამიწის ატმოსფეროში ყველაზე მოცულობითი სათბურის აირების კონცენტრირება დაახლოებით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ნახშირორჟანგი (CO2) – 75 პროცენტი; მეთანი (CH4) -17 პროცენტი; აზოტის ქვეჟანგი (N2O) – 6 პროცენტი. შედარებით მცირემოცულობითი სათბური აირებია: ნახშირფტორწყალბადები (HFCs); ფტორნახშირბადები (PFCs) და გოგირდის ჰექსაფტორიდი (SF6) და სხვა.

ნახშირორჟანგის (CO2) ჭარბი ემისია დედამიწის ატმოსფეროში წიაღისეული საწვავის - ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის ენერგიის მიღების მიზნით გამოყენების შედეგია. დღევანდელ მსოფლიოში წიაღისეულ საწვავზე დიდწილად დამოკიდებულება წარმოადგენს კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევ მიზეზს. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციის 90 პროცენტი გამოწვეულია სწორედ ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის წვის შედეგად ემისიით.

მეთანის (CH4) ჭარბი ემისია დედამიწის ატმოსფეროში გამოწვეულია წიაღისეული საწვავის მოპოვებით, წარმოებით და ტრანსპორტირებით; მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ორგანული ნარჩენების დაშლით; სოფლის მეურნოების სფეროში სხვადასხვა საქმიანობით; და სხვა.

აზოტის ქვეჟანგის (N2O) ჭარბი ემისია დედამიწის ატმოსფეროში გამოწვეულია  ნიადაგში აზოტის შემცველი სასუქების გამოყენებით; მყარი ნარჩენების და წიაღისეული საწვავის კომპოსტირებით; სოფლის მეურნოების სფეროში სხვადასხვა საქმიანობითა; ინდუსტრიული საქმიანობით; და სხვა. 
 

სტატისტიკა

ნახშირორჟანგი (CO2)
•    1937 წელი - ნახშირორჟანგის (CO2) შემადგენლობა ატმოსფეროში: 280 ნაწილი მილიონში (parts per million - ppm); 1968 წელი - ნახშირორჟანგის (CO2) შემადგენლობა ატმოსფეროში: 323 ნაწილი მილიონში (parts per million - ppm); 1989 წელი - ნახშირორჟანგის (CO2) შემადგენლობა ატმოსფეროში: 353 ნაწილი მილიონში (parts per million - ppm); 2011 წელი - ნახშირორჟანგის (CO2) შემადგენლობა ატმოსფეროში: 391 ნაწილი მილიონში (parts per million - ppm); 2023 წელი - ნახშირორჟანგის (CO2) შემადგენლობა ატმოსფეროში: 420 ნაწილი მილიონში (parts per million - ppm)1

მეთანი (CH4)
•    ბოლო ათწლეულები ზოგადი ტენდენცია არის  დედამიწის ატმოსფეროში მეთანის (CH4) ემისიის საერთო ჯამში მატება. 1990 წლიდან მოყოლებული მეთანის (CH4) ემისია დედამიწის ატმოსფეროში გაიზარდა 32 პროცენტით2.  

აზოტის ქვეჟანგის (N2O)
•    ბოლო ათწლეულები ზოგადი ტენდენცია არის  დედამიწის ატმოსფეროში აზოტის ქვეჟანგის (N2O) ემისიის საერთო ჯამში მატება. 1990 წლიდან მოყოლებული აზოტის ქვეჟანგის (N2O) ემისია დედამიწის ატმოსფეროში გაიზარდა 30 პროცენტით3.  



გლობალური დათბობა
 

კლიმატის ცვლილების შედეგად ხდება დედამიწის წედაპირზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობითი მატება ანუ გლობალური დათბობა.

წინა ინდუსტრიულ პერიოდთან (1850-1900 წწ.) შედარებით, ანუ იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც ადამიანის სხვადასხვა საქმიანობის შედეგად არ ხდებოდა სათბურის აირების უზარმაზარი მოცულების ემისია ატმოსფეროში, დედამიწის წედაპირზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა მომატებულია სულ მცირე 1°C. ანუ წინა ინდუსტრიულ პერიოდში დედამიწის წედაპირზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა იყო 14°C, ხოლო ჩვენს დროში იგი შეადგენს  15°C.

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებაზე, რომელიც ამოქმედდა 2016 წელს, მიზნად ისახავს საუკუნის ბოლომდე, წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით გლობალური ტემპერატურის მატების შენარჩუნებას 2°C საკმაოდ ქვემოთ, ხოლო იდეალურ შემთხვევაში 1.5° C-ის ნიშნულზე. პარიზის შეთანხმების მიზნის მისაღწევად ანუ საუკუნის ბოლოსათვის გლობალური ტემპერატურის მატების 1.5° C-ის ნიშნულზე შეჩერებისათვის, საჭიროა სათბურის აირების ემისიების 45 პროცენტით შემცირება 2030 წლისათვის, ხოლო 2050 წლისათვის ნახშირბადის ნეიტრალურობის მიღწევა (ანუ სათბურის აირების ემისიის ისეთი მოცულების მიღწევა, რომელიც დაიცავს ბალანს ატმოსფეროში ანუ მოხდება იმავე რაოდენობის ემისია, რა რაოდენობის სათბურის აირების ბუნებრივი შთანთქმა ხდება ატმოსფერიდან). 

შედეგად, მსოფლიო იმყოფება კლიმატის კრიზისში და თუ არ მოხდა სათბური აირების ემისიების შემცირება რადიკალურად, წინა ინდუსტრიულ პერიოდის ნიშნულთან შედარებით გლობალური ტემპერატურის მატება გადააჭარბებს 2°C და მიუახლოვდება 2.9°C ჩვენს საუკუნეში, რასაც ექნება კატასტროფული შედეგები დედამიწისათვის და მისი მაცხოვრებლებისათვის, კერძოდ კი დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით. 
 

სტატისტიკა

•    ნახშირორჟანგის (CO2) ჭარბი ემისია დედამიწის ატმოსფეროში თუ არსებული ტემპებითა და მოცულობით გარძელდა, გლობალური ტემპერატურის მატებამ შესაძლოა მიაღწიოს 4.4°C ჩვენი საუკუნის ბოლოსათვის4

•    პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები უკვე საკმარისი აღარ არის, რადგან გლობალური ტემპერატური მატება და სათბურის აირების ემისიები ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. აღნიშნული კი, მიუხედავად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯებისა, გარდაუვალს ხდის 21-ე საუკუნეში ტემპერატურის მატებას 2.5°C-2.9C°-ით წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით5

•    2011-2020 მიჩნეულია ყველაზე ცხელ დეკადად, ხოლო 2019 წელს გლობალური ტემპერატურის მატებამ პირველად მიაღწია 1.1°C წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით6

•    2023 წელი იყო ყველაზე ცხელი წელი მსოფლიოს ისტორიაში, კერძოდ საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს: 1.4°C7;  

•    ხოლო 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში  გლობალურმა ტემპერატურამ წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით მიაღწია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს: 1.5°C8.  

 

მყინვარების დნობა მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში
 

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური ტემპერატურის მატების შედეგია მყინვარების დნობა მთებზე, ხოლო ოკეანეებში კი გრელენდიისა და ანტარკტიდის  ყინულის ფენების განლევა, ასევე პოლარული ყინულის საფარის დნობა,  რაც თავის მხრივ იწვევს ზღვის დონის მატებას. 

სტატისტიკა

მყინვარების დნობა მთებზე
•    დედამიწის მასშტაბით მთებზე მყინვარების დნობის ყოველწლიური მაჩვენებელი თითქმის ორმაგდება, კერძოდ თუ 2000 წელს იგი შეადგენდა 36 სანტიმეტერს, 2019 წელს იგი გახდა 69 სანტიმეტრი9;  

•    დედამიწის მასშტაბით დაკვირვების ქვეშ მყოფმა მყინვარებმა 1970 წლიდან მოყოლებული დნობის შდეგად მთლიანობაში დაახლოებით 27 მეტრით იკლო10;  

•    1980-იან წლებში მყინვარების 17 სანტიმეტრი დნებოდა ყოველწლიურად, 1990-იან წლებში 46 სანტიმეტრი დნებოდა ყოველწლიურად, 2000-იან წლებში 50 სანტიმეტრი დნებოდა ყოველწლიურად, ხოლო 2010-იან წლებში 88 სანტიმეტრი11

•    დედამიწის მასშტაბით მთებზე მყინვარების დნობის დინამიკა გაორმაგდა ბოლო 20 წლის განმავლობაში12

ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში
•    1972-2021 წლებში გრელანდიის ყინულის ფენები კარგავდა 108 გიგატონას (Gt) ყოველწიურად. ხოლო, 1979-2021 წლებში ანტარქტიკის ყინულის ფენები კარგავდა 114 (Gt) გიგატონას ყოველწლიურად. შედარებისათვის,  1980-2000 წლებიდან 2000-2020 წლებში გრენადლიისა და ანტარქტიკის ყინულის ფენების განლევა გასამმაგდა13

•    პოლარული ყინულის საფარი დნება 9 პროცენტით ყოველ 10 წელიწადში, ხოლო 1960-იანი წლებიდან დღემდე, არქტიკის ყინულის სისქემ იკლო 40 პროცენტით14

•    თუ სათბურის აირების ემისია ატმოსფეროში გაგრძელდა იგივე ტემპით, არქტიკის ყინული აღარ იარსებებს 2040 წლის ზაფხულისათვის15

 

ზღვის დონის მატება
 

კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურის მატებით გამოწვეული მთებზე მყინვარების დნობის და ოკეანეებში ყინულის ფენების განლევის შედეგია ზღვის დონის მატება. ასევე, კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურის მატება დამატებით ათბობს ოკეანეებს, რაც იწვევს წყლის მოცულობის გაფართოებას ანუ დამატებით ზღვის დონის მატებას. შედეგად, ხდება სანაპირო ტერიტორიებისა და პატარა კუნძულების დატბორვა და წარეცხვა.

სტატისტიკა

•    1880 წლის შემდეგ დღემდე ზღვის საშუალო დონემ დაახლოებით 23 სანტრიმეტრით მოიმატა. მხოლოდ ბოლო 25 წელიწადში ზღვის დონის მატებამ შეადგინა დაახლოებიტ 8 სანტიმენტრი16;  

•    2023 წელს გლობალური საშუალო ზღვის დონე იყო 10 სანტიმეტრით მეტი ვიდრე 1993 წელს17

•    წყნარ ოკეანეში სოლომონის კუნძულების ნაწილი 5 კუნძული სრულად ჩაიძირა ზღვის დონის მატების გამო, ხოლო სხვა 6 კუნძულის მინუმუმ 20 პროცენტი დაფარა წყალმა18;   

•    მარტო გრენლანდიის ყინულის ფენის სრულად განლევა გამოიწვევს ზღვის დონის დაახლოებით 7 მეტრით მატებას, რასაც შედეგად მოჰყვება დამანგრეველი შედეგები მილიარდობით ადამიანისათვის19;   

•    მთებზე მყინვარების სრული დადნობა და ოკეანეებში ყინულის ფენების სრუილად განლევა გამოიწვევს ზღვის დონის დაახლოებით 70 მეტრით მატებას20.   

 

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება
 

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თანახმად, ბიოლოგიური მრავალფეროვნება აღნიშნავს დედამიწის ბუნების სამყაროს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობას, იქნება ეს მცენარეებისა, ცხოველების თუ მიკროორგანიზმების სახეობების ერთობლიობა.

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება კი აღნიშნავს ბუნების სამყაროს ცოცხალი ორგანიზმების სახეობების შემცირებას, მაგალითად დედამიწის მცენარეებისა და ცხოველების (შინაური, ასევე გარეული) სახეობების შემცირებას მსოფლიოში ან კონრტეულ ჰაბიტატში. აღნიშნილი ასევე გულისხმობს ჰაბიტატების  მრავალფეროვნების შემცირებას. 

სწორდე ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული ის ყოველივე დედამიწაზე, რაც ადამიანებს სჭირდებათ არსებობისათვის, მაგალითად საკვები, დასალევი წყალი თუ ჰაერი. 

თუმცა, გარემოზე ადამიანების ზემოქმედებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, ადგილი აქვს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას. მაგალითად, კლიმატის ცვლილების შედეგია მწერების, ხერხემლიანი ცხოველებისა და მცენარეების ადგილობრივი სახეობების შემცირება.
 

სტატისტიკა

•    ჩვენს დროში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება ხდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაჩქარებულად, კერძოდ დაახლოებით 100-დან 1000-მდე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ბუნებრივად როდესმე მომხდარა21

•    1970 წლიდან მოყოლებული დედამიწის ძუძუმწოვრების, თევზებისა და ფრინველებისა პოპულაცია 69%-ით შემცირდა. ხოლო, 2019 წლის მდგომარეობით, ცხოველთა სამყაროსა და მცენარეთა 1 მილიონი სახეობა გადაშენების ზღვარზეა22

•    1970 წლიდან მოყოლებული დედამიწის მტკნარი წყლის სახეობები შემცირდა 83%-ით. ხოლო, ბოლო 50 წელიწადში ველური ხერხემლიანი ცხოველების პოპულაცია 2/3 არის შემცირებული23

•    ველური იგივე ხელუხლებელი ბუნების (wilderness) შემცირების დინამიკა შემდეგია: 1937 წელი - 66 პროცენტი მორჩენილი; 1960 წელი - 62 პროცენტი მორჩენილი; 1978 წელი - 55 პროცენტი მორჩენილი; 1997 წელი - 46 პროცენტი მორჩენილი; 2011 წელი - 39 პროცენტი მორჩენილი; 2020 წელი - 35 პროცენტი მორჩენილი24



Endnotes:

  1. Mauna Loa Observatory, Hawaii, Global Monitoring Laboratory, https://gml.noaa.gov/ccgg/trends/data.html ; 15 Biggest Environmental Problems of 2024,  Earth.Org, https://earth.org/the-biggest-environmental-problems-of-our-lifetime/; Attenborough, D. A Life on Our Planet: My Witness Statement and a Vision for the Future (London: Witness Books, 2022);
  2. Our World in Data, https://ourworldindata.org/greenhouse-gas-emissions
  3. Statista, https://www.statista.com/statistics/1379448/annual-global-nitrous-oxide-emissions/
  4. Fast Facts on Climate and Temperature Rise, UN, https://www.un.org/sites/un2.un.org/files/fastfacts_temperature_rise.pdf
  5. Broken Record – Temperatures hit new highs, yet world fails to cut emissions (again), The 2023 edition of the Emissions Gap Report, UNEP, https://www.unep.org/resources/emissions-gap-report-2023 ; Nations must go further than current Paris pledges or face global warming of 2.5-2.9°C, https://www.unep.org/news-and-stories/press-release/nations-must-go-further-current-paris-pledges-or-face-global-warming; Current climate pledges could still see Earth warming up to ‘catastrophic’ 2.9C: UN report,  WION, https://www.wionews.com/world/current-climate-pledges-could-still-see-earth-warming-up-to-catastrophic-29c-un-report-660917 
  6. Causes of Climate Change, the EU, https://climate.ec.europa.eu/climate-change/causes-climate-change_en#greenhouse-gases
  7. 15 Biggest Environmental Problems of 2024,  Earth.Org, https://earth.org/the-biggest-environmental-problems-of-our-lifetime/
  8. Copernicus Climate Change Service, the EU, 2024; World’s first year-long breach of key 1.5C warming limit, BBC, 8 February, 2024, https://www.bbc.com/news/science-environment-68110310
  9. Melting glaciers drove „21% of sea level rise“ over past two decades, CarbonBrief, 28 April, 2021, https://www.carbonbrief.org/melting-glaciers-drove-21-of-sea-level-rise-over-past-two-decades/
  10. Climate Change: Mountain glaciers, February 14, 2020, https://www.climate.gov/news-features/understanding-climate/climate-change-mountain-glaciers
  11. Climate Change: Mountain glaciers, February 14, 2020, https://www.climate.gov/news-features/understanding-climate/climate-change-mountain-glaciers
  12. Speed at which world’s glaciers are melting has doubled in 20 years, the Guardian, 2022, https://www.theguardian.com/environment/2021/apr/28/speed-at-which-worlds-glaciers-are-melting-has-doubled-in-20-years
  13. Climate Indicators: Ice sheets, Copernicus, the EU, https://climate.copernicus.eu/climate-indicators/ice-sheets
  14. Ice Caps Meting Facts, the World Counts, https://www.theworldcounts.com/stories/ice-cap-melting-facts
  15. Six ways loss of Arctic ice impacts everywhere, WWF, https://www.worldwildlife.org/pages/six-ways-loss-of-arctic-ice-impacts-everyone.
  16. Sea levels are rising at an extraordinary pace. Here’s what to know. April 10, 2023, National Geographic, https://www.nationalgeographic.com/environment/article/sea-level-rise-1
  17. Sea Level, NASA, https://climate.nasa.gov/vital-signs/sea-level/?intent=121
  18. Five Pacific islands vanish from sight as sea levels rise, NewScientist, 2016, https://www.newscientist.com/article/2087356-five-pacific-islands-vanish-from-sight-as-sea-levels-rise/
  19. Long-lost Greenland ice core suggests potential for disastrous sea level rise, CNN, July,  https://edition.cnn.com/2023/07/20/world/greenland-ice-sheet-melt-sea-level-rise-climate/index.html
  20. Sea levels are rising at an extraordinary pace. Here’s what to know. April 10, 2023, National Geographic, https://www.nationalgeographic.com/environment/article/sea-level-rise-1
  21. Explained: what does biodiversity mean? Fauna and Flora, https://www.fauna-flora.org/explained/explained-what-does-biodiversity-mean/#:~:text=It%20reflects%20the%20increasing%20worldwide,rates%20seen%20in%20planetary%20history
  22. What is biodiversity? Why it’s under threat and why it matters, WWF, https://www.worldwildlife.org/pages/what-is-biodiversity
  23. Wildlife population analysis shows „terrifying“ decline in numbers, says WWF director, CBC, October 2022, https://www.cbc.ca/news/world/wwf-declining-wildlife-populations-1.6615373#:~:text=Our%20most%20comprehensive%20report%20ever,the%20Living%20Planet%20Report%202022.
  24. Attenborough, D. A Life on Our Planet: My Witness Statement and a Vision for the Future (London: Witness Books, 2022).