უშუალოდ ბუნებრივი გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია, თუმცა შეუძლებელია ეკონომიკურ განვითარებაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე უარის თქმა, შესაბამისად გაერო-ს ფარგლებში ჩამოყალობდა და მსოფლიოს მასშტაბით განვითარდა მდგრადი განვითარების კონცეფცია.
მდგრადი განვითარება აღნიშნავს ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც არ ხდება ბუნებრივი გარემოსათვის ზიანის მიყენების ხარჯზე. მგდრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიღწევას დედამიწის ეკოლოგიური სისტემის დაზიანების გარეშე, მათ შორის მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, მდგრადი განვითარება წარმოადგენს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზას.
საგულისხმოა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები კავშირშია მეცნიერებების ისეთ დარგებთან, როგორიცაა ეკოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესის თეორია, სამართალი, პოლიტოლოგია, ინჟინერია, არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელს მიიღო რეზოლუცია A/RES/70/1 „მსოფლიოს ტრანსფორმაცია: 2030 დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ და ამ დოკუმენტის ფარგლებში დამტკიცდა „მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)“, რომელიც შედგება 17 მიზნისაგან და ამ მიზნებთან დაკავშირებულ 169 ამოცანისაგან და შესაბამისი ინდიკატორებისაგან.
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის ნოემბერში დაამტკიცა „მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი“, რომელიც პრიორიტეტად აღიარებს მდგრადი განვითარების ყველა 17 მიზანს და მოიცავს საქართველოში ამ მიზნების ნაციონალიზაციისათვის 93 ამოცანებს და შესაბამის 201 ინდიკატორს. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩამოყალიბდა „მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო“ და მის ფარგლებში შეიქმნა შემდეგი 4 თემატური ჯგუფი: ეკონომიკური განვითარება; მდგრადი ენერგეტიკა და გარემოს დაცვა; სოციალური ჩართულობა; და დემოკრატიული მმართველობა.
თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, განათლებისა და მეცნიერებისა პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისათვის ძირითადად გამოიყენება კამპანიური ხასიათის ღონისძიებები და არა განათლება და მეცნიერება.